სალომე ზურაბიშვილი - რას ელოდებიან და როგორ აფასებენ მას

სალომე ზურაბიშვილის შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში განსხვავებული მოსაზრებები ვრცელდება.    „ქართული ოცნების“ წევრების მოსაზრებით, პარტიას თავისი კანდიდატი უნდა ჰყავდეს.

ექსპერტები თვლიან, რომ სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატი არაა. გია ხუხაშვილის თქმით, ზურაბიშვილის შესაძლო წარდგენა უბრალოდ ფორმალობაა.

პარლამენტის ფრაქცია ,,ქართული ოცნება’’ – მწვანეების თავმჯდომარე, გიორგი გაჩეჩილაძე  მიიჩნევს, რომ  მმართველ პარტიას საკუთარი კანდიდატი უნდა ჰყავდეს, თუმცა არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის არსებობასაც მიესალმება.

"მმართველ პარტიას უნდა ჰყავდეს თავისი კანდიდატურა, მაგრამ ისიც შეიძლება, რომ დამოუკიდებელ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი, პრინციპში, კონსტიტუცია ითხოვს პირდაპირ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი უპარტიო და დაბალანსებული პიროვნება უნდა იყოს, აქედან გამომდინარე, ეს ვარიანტიც არ არის ცუდი" - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

სალომე ზურაბიშვილის გარანტირებულ შანსებზე გაამახვილა ყურადღება ,,ქართული ოცნების’’ წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა.  მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი აბსოლიტურად იმ პლატფორმაზეა, რომლითაც ,,ქართული ოცნება’’ მოვიდა ხელისუფლების სათავეში. ~

,,მთელი ეს პროცესი სალომე ზურაბიშვილი ძალიან აქტიური ოპონირების რეჟიმში იყო წინა რეჟიმთან, ის იყო ერთ–ერთი ლიდერი იმ მოძრაობის, შესაბამისად ძალიან ბევრ ადამიანს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ამ პიროვნების მიმართ’’ – აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.

საპირისპირო მოსაზრებები აქვს ექსპერტ გია ხუხაშვილს, რომელიც სალომე ზურაბიშვილს ,,ქართული ოცნების’’ აგრესიულ აქტივისტს უწოდებს. ხუხაშვილი დასძენს, რომ მისთვის სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატი არ არის და ეს მხოლოდ ფორმალობაა.

რბილად რომ ვთქვა, სალომე ზურაბიშვილი ცოტა თავნება ადამიანია და გარკვეული პრობლემები იქნება, მაგრამ ეს ყველაფერი უფრო ტრაგიკომედიას დაემსგავსება, ვიდრე რაღაც სახელმწიფოებრივ კრიზისს. ასე რომ , ამას მე ტრაგიკულად არ შევხედავდი.

თქვენ გჯერათ, რომ სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატია? ის წლების მანძილზე იყო ‘’ქართული ოცნების“ ძალიან აგრესიული აქტივისტი, ამიტომ მისი დამოუკიდებლობა მხოლოდ ფორმალურად შეიძლება გავიგოთ – ამბობს ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, რომ არსებული  ინფორმაციით,  სალომე  ზურაბიშვილის  დამოუკდებელ კანდიდატად  წარდგენა  განიხილება.

აღსაღნიშნავია ის ფაქტიც, რომ თავად ზურაბიშვილი ამ თემაზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

თორნიკე კუჭაშვილი