რატომ წავიდა ნინო გვენეტაძე

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე გადადგა. როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო. მისი განმარტებით, ის სამკურნალოდ საზღვარგარეთ აპირებს წასვლას. 

„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ქალბატონი ნინო გვენეტაძე ავრცელებს განცხადებას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც მოითხოვს რამდენიმეთვიან მკურნალობას საზღვარგარეთ.

ამასთან, მოკლედ მიმოიხილავს 2015 წლის 20 მარტიდან დღემდე მისი ხელმძღვანელობით საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაეს სასამართლოსა და საერთო სასამართლოების სისტემაში გატარებულ სარეფორმო ღონისძიებებს:

„ნინო გვენეტაძის გადაწყვეტილება ჩემთვის მოულოდნელი იყო“, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ის ვითარება, რომელიც  სასამართლოებში შექმნილია და რომელთან შეხებაც ნინო გვენეტაძეს ყოველდღიურად და ყოველწუთიერად უწევდა, გამკლავებისთვის არაადამიანურ ძალებს მოითხოვს.
თუმცა, აქვე განმარტავს, რომ  თუ რატომ მიიღო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ეს გადაწყვეტილება, ამაზე ინფორმაცია არ აქვს.
„ძალიან მნიშვნელოვანია ქალბატონ ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა ჩემთვის, თუმცა ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო და მინდა, დამატებითი რამ გავიგო ამის შესახებ. სისტემაში, რა სისტემაშიც ქალბატონი ნინო იყო ლიდერი, ზოგადი ფონი ძალიან მძიმე იყო, რასთანაც მას ჰქონდა ყოველდღიური შეხება, მაგრამ კონკრეტულად რაშია საქმე, რატომ დღეს, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს და მეტი მინდა გავიგო. მას ძალიან მძიმე სფერო შეხვდა სამუშაოდ და ამას რამდენად შეხება ჰქონდა მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, არ ვიცით, მაგრამ იქ მუშაობა, რომ ძალიან ძნელი იყო, ეს ცხადია“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ვადაზე ადრე გადადგომის შემთხვევაში, ახალი კანდიდატურის წარდგენისა და არჩევის ვადები კონსტიტუციითა და კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის. 

ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ მოქმედი კონსტიტუციით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 10 წლის ვადით ირჩევს. ახალი რედაქციის კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ კი, პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლებამოსილება აღარ ექნება - პარლამენტი უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს უზენაესი სასამართლოს წევრთაგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს. ასევე ახალი კონსტიტუციით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ხელმძღვანელი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ იქნება.