ნორმატიულ აქტებში ტერმინი „ოჯახის უფროსი“ დისკრიმინაციულია - ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პრემიერ-მინისტრს ზოგადი წინადადებით მიმართა და მთავრობის სახელით გამოცემულ საკანონმდებლო აქტებში გამოყენებული ტერმინის „ოჯახის უფროსის“ სხვა უფრო ნეიტრალური ფორმით მოდიფიცირება მოითხოვა.

„მართალია, ზემოხსენებულ აქტებში პირდაპირ არ არის მითითებული თუ ვინ არის, ან ვინ უნდა იყოს ოჯახის უფროსი, თუმცა საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ტრადიციულ წარმოდგენებში „ოჯახის უფროსად“ მოიაზრებოდა მამაკაცი, რომელიც მისი სქესის გამო ოჯახში გადაწყვეტილების მიმღები პირი იყო. სახალხო დამცველის აზრით, თანამედროვეობაში აღნიშნული ტერმინის გამოყენება ამყარებს ქალის შესახებ სტერეოტიპულ წარმოდგენებს, რომ ქალი ოჯახის მეორეხარისხოვანი წევრია, არ არის თანასწორად გადაწყვეტილების მიმღები და დოვლათის შემომტანი, რაც, თავის მხრივ, სქესის საფუძველზე ნეგატიური შეხედულებების წამახალისებელია“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

ამასთან, მიმართვის თანახმად, სახელმწიფოსა და საზოგადოების ურთიერთობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს საკანონმდებლო ბადე.

„ოჯახის, როგორც საზოგადოების უმნიშვნელოვანესი სოციალური უჯრედის მთავარი მახასიათებელი არის თანასწორობა და პირთა თანაბარი მონაწილეობა შინამეურნეობის საქმიანობაში. საკანონმდებლო დონეზე ასახული ტერმინი კი თავისივე შინაარსში ეწინააღმდეგება თანასწორობის პრინციპს და ერთმნიშვნელოვნად გულისხმობს ერთი რომელიმე პირის დომინირებას. აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველი მიზანშეწონილად მიიჩნევს საკანონმდებლო აქტების მიზნებისთვის აქცენტი ტერმინ „ოჯახის უფროსის“ შინაარსობრივ მხარეზე გაკეთდეს, რომელშიც, როგორც წესი, ოჯახის შემადგენლობაში მყოფი საკონტაქტო პირი იგულისხმება, რომელიც ოჯახის წევრების შესახებ ყველაზე მეტად არის ინფორმირებული“, - ნათქვამია განცხადებაში.