ეროვნული ვალუტა ისევ კრიზისშია

ეროვნული ვალუტა ისევ კრიზისშია - ლარის კურსის ცვლილებას ექსპერტები საგარეო ფაქტორს უკავშირებენ და აღნიშნავენ, რომ საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ვალუტის ცვლილება ლარზეც აისახება.

ეკონომისტები ამბობენ, რომ გარე ფაქტორების მიუხედავად სახელმწიფოს სწორი ხედვა და გეგმა უნდა ჰქონდეს, რათა ლარის რყევები თავიდან აიცილოს.

ეროვნული ვალუტის ცვლილებას თურქეთში ლირის კურსის გაუფასურებას უკავშირებს ეკონომისტი, ზვიად ხორგუაშვილი. მისი თქმით, ლირის რყევა ცალსახად არ უნდა აისახოს ლარზე და ამას სახელმწიფოს სწორი პოლიტიკა უნდა უზრუნველყოფდეს.

„არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია ის, რომ დღეს საგარეო რყევები ასეთ მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ რეალურად ლარის გაუფასურებაზე და ამ ნაწილში მთავრობის არასწორ პოლიტიკას ეკისრება პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა,“ - განაცხადა ხორგუაშვილმა.
ლარის კურსის რეკორდულ გაუფასურებას ოპოზიცია მთავრობის არასწორ პოლიტიკას უკავშირებს.

მთავრობასთან ერთად ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაზე საუბრობს პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე. დეპუტატის თქმით, ლარის  გაუფასურება თურქული ლირის დევალვაციასთან კავშირში არ არის და მისი განმარტებით, ამაში ბრალი ხელისუფლების პოლიტიკას მიუძღვის.

„ფუნდამენტური ეს არის მთავრობის და ეროვნული ბანკის სერიოზული შეცდომები და ეკონომიკური სტაგნაცია, რომელიც ყოველთვის ქმნის ფასების ზრდისა და ლარის გაუფასურების რისკს,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი უახლოეს მომავალში ფასების ზრდას არ გამორიცხავს. 

„შემდგომი საშიშროება ეს არის ფასების ზრდა, რაც ძალიან დაარტყამს ჩვენი მოქალაქეების ჯიბეს და ახლა სწორედ ამიტომ არის საჭირო ძალიან მწყობრი პოლიტიკა მთავრობის მხრიდან, რაც გამორიცხულია ივანიშვილის მთავრობის პირობებში. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სანამ ივანიშვილი მართავს ქვეყანას, ლარი და ჩვენი ეკონომიკა მუდმივად იქნება ავად,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
დღეს ერთი დოლარის ღირებულება სავალუტო ჯიხურებში უკვე 2 ლარი და 64 თეთრია. ბოლო 5 დღის განმავლობაში, ეროვნული ვალუტა უკვე 11 თეთრით გაუფასურდა.