ქართული ოცნება ვერ ყალიბდება ვის დაუჭერს მხარს საპრეზიდენტო არჩევნებზე

პარტია "ქართული ოცნება" ვერ ყალიბდება ვის დაუჭერს მხარს შემოდგომაზე გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებზე. მხარდაჭერის მოლოდინშია დამოუკიდებელი სალომე ზურაბიშვილი და კიდევ ერთი კანდიდატი დავით უსუფაშვილი.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით მმართველი პარტიის პოზიცია შესაძლოა, მომავალ კვირას გახდეს ცნობილი.

როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, გუნდის პოზიცია ყველასთვის ცნობილია, „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო კანდიდატი არ ეყოლება.

„რა პოზიციას დაიჭერს „ქართული ოცნება“ ცალკეულ კანდიდატებთან დაკავშირებით, ამაზე გუნდს ექნება თავისი პოზიცია, რომელიც შესაძლოა, მომავალ კვირას გახდეს ცნობილი”, – განაცხადა ლევან იზორიამ.
ვის დაუჭერს მხარს „ქართული ოცნება“, ამაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, შეიძლება კიდევ დამატებით დარეგისტრირდნენ დამოუკიდებელი კანდიდატები, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

„ჩვენ ვაკვირდებით პროცესებს, შეიძლება კიდევ დამატებით დარეგისტრირდნენ დამოუკიდებელი კანდიდატები და გადაწყვეტილება გუნდში მსჯელობის შედეგად იქნება მიღებული. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო და დავადასტურო, რომ ჩვენ დავუჭერთ მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიერ წარმოდგენილ კანდიდატს“, - განაცხადა კალაძემ. 

რაც შეეხება იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება, კალაძის თქმით, ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ახალი პრეზიდენტის უფლებამოსილებები შემცირებულია.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით,მმართველი გუნდის საბოლოო გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით იქნება ის, თუ რამდენად თანხვედრაშია იმ კონკრეტული კანდიდატის გამონათქვამები და პოზიციები მმართველი გუნდის პოზიციებთან. "ჩვენ გვაქვს დრო დაახლოებით სამი კვირა, როდესაც ამოიწურება კანდიდატების წარდგენის ვადა. ამ დროისთვის გვექნება ჩვენი ჩამოყალიბებული პოზიცია, თუ რომელ კანდიდატს დავუჭერთ მხარს", - დასძინა ირაკლი კობახიძემ.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით,  იმედოვნებს, რომ მმართველი პარტია მხარს დაუჭერს.

„მე უნდა აბსურდული რამე ვთქვა, რომ თუკი უმრავლესობის მხარდაჭერა არ იქნება ჩემი კანდიდატურის მიმართ, რომ ეს არ იმოქმედებს იმ მოსახლეობაზე, რომლის უმრავლესობა მათ უჭერს მხარს.  მაინც მაქვს იმედი ამ მხარდაჭერის. ორი სხვადასხვა რამეა, ერთი - შენი გადაწყვეტილების მიღების რა არის მიზეზი და მეორე, რომ ამ გადაწყვეტილების პროცესში, შენ იყო რეალისტი, უყურებდე რა ხდება ქვეყანაში და ვისი იმედით შეიძლება იყო. მე რომ ვერ ვიქნები სხვა პარტიების იმედით, ეს ფაქტია. მოსახლეობაში უმრავლესობა არის ერთი პარტიის მხარდამჭერი. მეც ამ პარტიას დავუჭირე გარკვეულ წილად მხარი წინა პერიოდში. მან დამითმო მაჟორიტარის ადგილი მთაწმინდაზე, ამიტომ, ძალიან ბუნებრივად, მაქვს იმედი, რომ ეს პარტია, დღესაც, გარკვეულწილად მხარს დამიჭერს. მაგრამ, ჩემი გადაწყვეტილება მაინც არის დამოუკიდებელი, ამ იმედზე არ არის მხოლოდ დაფუძნებულ და რაც არ უნდა მოხდეს, მე ბოლომდე გავალ ამ კანდიდატურით და არ დავიხევ უკან“,  - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.