სადაც რუსული ჯარის ერთი ჩექმა მაინც დგას, იმ ადგილს განვითარება არ უწერია

რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის 10 წლისთავი კრემლმა მორიგი პროვოკაციით აღნიშნა“, - ამის შესახებ დავით სტურუამ განაცხადა.

 სტურუას თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში ზუსტად 8 აგვისტოს ნიგერიისა და ე.წ. „დამოუკიდებელი აფხაზეთის“ საფეხბურთო ახალგაზრდული ნაკრებების „ამხანაგური“ მატში ჩატარდა.

მის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის 10 წლისთავი კრემლმა მორიგი პროვოკაციით აღნიშნა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ ფაქტს ქართული და „დამოუკიდებელი აფხაზეთის“ მხრიდან გარკვეული ვნებათაღელვა მოჰყვა. მაშინ, როდესაც, ქართული მხარე ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ წარმოებული არაღიარების პოლიტიკიდან გამომდინარე მუდმივად აკონტროლებს კრემლის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს და შესაბამისად რეაგირებს საერთაშორისო დონეზე, რუსეთის მხრიდან დაგემილ პროვოკაციებს მაშინვე ეხდება ფარდა. სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს ნიგერიის ვითომ ფეხბურთელებთან მიმართებაშიც. ამ ვითომ საერთაშორისო მატჩს, თუ იგი ქართული მხარის მხრიდან ყოველგვარი რეაგირების გარეშე ჩაივლიდა, კრემლის გეგმით რამდენიმე დატვირთვა ჰქონდა.

პირველი - გაავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ „საერთაშორისო ამხანაგური მატჩი“ ტრიუმფით ჩატარდა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის მსოფლიო აღიარებისაკენ კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი იყო. თუმცა არ უკვირდებიან იმას, რომ მათი ე.წ. აღიარება ჩაძირვის პირას მყოფი ჯუჯა კუნძულებისა და მსოფლიოში ნარკოსახელმწიფოდ ცნობილი კოლუმბიის იქით წინ არ წასულა. აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მათი ე.წ. აღიარების აქტი ამ ჯუჯა კუნძულებმაც კი რამდენიმეჯერ წინ და უკან არბენინეს.

მეორე - საქართველოს მხრიდან ამ ფაქტის არ გაპროტესტების შემთხვევაში რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა გაავრცელებდა ინფორმაციას, რომ თითქოს უკვე საქართველოც კი მართალია არაოფიციალურად, მაგრამ მაინც აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას და ქართული მხარის სიჩუმეს ამის დასტურად მოიყვანდა. სწორედ ამ მიზნით იყო შერჩეული სპეციალურად თარიღიც - 8 აგვისტო.

მესამე - კრემლი თავისი გეგმების წარმატებით განხოციელებისას ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ უფრო გაიმყარებდა საკუთარ პოზციას. თუმცა, რეალობაში სულ სხვა რამ მოხდა. როგორც იტყვიან - არა შეჯდა მწყერი ხეზე. თუ კარგად გავაანალიზებთ თვითონ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმისა და რუსეთის საინფორმაციო წყაროების მიერ გავრცელებულ მასალებს, ადვილად დავინახავთ რომ კრემლის ეს მორიგი იაფფასიანი ხრიკი მხოლოდ ფარსია და სხვა არაფერი. მოდით მივყვეთ თანმიმდევრობით. 

როგორც ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციიდან საქართველოსათვის გამოგზავნილ წერილში ირკვევა, ნიგერიის ახალგაზრდული ნაკრების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გააჩნიათ.

მაშინ ისმის კითხვა - ვინ იყვნენ ჩასულები „დამოუკიდებელ აფხაზეთში“ და ვინ თამაშობდა ნიგერიის ეროვნული ნაკრების სახელით?... გარდა ამისა, ე.წ. „საერთაშორისო“ მატჩზე სტუმრებს არ სცმიათ ნიგერიის ეროვნული ნაკრების მაისურები, ასეთი მაისური მხოლოდ ერთს პრესკონფერენციაზე ეცვა, რომელიც დიდი ალბათობით სუვენირების კატეგორიიდან იყო. ამასთან, სტუმრებს, ნუ იტყვით და საერთოდ არაფერი სცოდნიათ „დამოუკიდებელი აფხაზეთის“ შესახებ და მათზე მხოლოდ რუსეთში ჩასვლის შემდეგ გაიგეს. გამოდის, რომ ნიგერიელები ჯერ რუსეთში შეიტყუეს ამ ფარისის ორგანიზატორებმა და მერე ვინ იცის რა ხრიკებით ოკუპირებულ აფხაზეთშიც გადაიყვანეს.

კიდევ ბევრი რამ შეიძლება ითქვას ამ კუთხით, თუმცა რამოდენიმე კითხვა უნდა დაისვას ჩვენი აფხაზი ძმების მიმართ - როდემდის უნდა იცხოვროთ კრემლის სიცრუით შექმნილ წარმოსახვით სამყაროში?! ნუ თუ ვერ ხედავთ რუსეთთმა რა ჭაობში ჩაგითრიათ და როგორ პირობებში ცხოვრობთ?! ნუთუ ვერ ხედავთ, რომ რუსეთთან „დაძმობილებამ“ რა შედეგების წინაშე დაგაყენათ?! ბოლო ოცი წლის განმავლობაში, რომელსაც მშვიდობიან ცხოვრებას ეძახით, დემოგრაფიული ფონდი აფხაზებისა პრაქტიკულად განადგურებულია - რამდენი ახალგაზრდა გარდაიცვალა ნარკომანიითა და ე.წ. „საქმეების გარჩევით?“ რა დღეშია „დამოუკიდებელი აფხაზეთის“ ეკონომიკა და ასერთოდ საითკენ მიექანება ყველაფერი? რატომ არ გინდათ შედარებისათვის თუნდაც აჭარის მაგალითი აიღოთ თუ როგორ განვითარდა ეს რეგიონი რაც უარი ვთქვით რუსეთის ზეგავლენაზე და რუსული მენტალიტეტით ცხოვრებაზე? თქვენ ხომ სწორედ ამაზე ამბობთ უარს! ეს ყველაფერი ხომ აფხაზეთში სულ მცირე ათჯერ მეტი იქნებოდა! იქნებ დროა მოიხსნათ ის ვარდისფერი სათვალეები, რომელიც კრემლმა უხვად დაგირიგათ, რეალურად შეხედოთ ყველაფერს თვალებში და მიხვდეთ, რომ იქ სადაც რუსეთია, იქ სადაც რუსული ჯარის ერთი ჩექმა მაინც დგას, იმ ადგილს განვითარება არ უწერია“, - აცხადებს დავით სტურუა.