რა გახდა მსახიობ ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზა დაადგენს

მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი დოლიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სადარბაზოს ლიფტში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

კომპოზიტორ მაია კაჭკაჭიშვილის ვარაუდით, შესაძლოა, მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი გულთან დაკავშირებული პრობლემით, კერძოდ, ინფარქტით იყოს გარდაცვლილი. ამის შესახებ მაია კაჭკაჭიშვილმა ჟურნალისტებს ზაზა ბეჟაშვილის საცხოვრებელ კორპუსთან განუცხადა, სადაც ცოტა ხანში გარდაცვლილის ცხედრის მისვენებას ელოდებიან.

“არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ახლა მოვედი, გუშინ ვიყავი იქ, სადაც გარდაიცვალა, მაგრამ იქ რა თქმა უნდა, ვერაფერი შევიტყეთ, კრიმინალური სამსახური მუშაობდა. ახლა მოვედი სახლში, რაღაც ვერსიები არსებობს, რომ ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰქონდა ძალიან გაუარესებული, მისი მამაც ადრეულ ასაკში გულით გარდაცვლილა და დიდი შანსია, რომ იყოს გულის პრობლემა. არ ვიცი, ნამდვილად, რაღაცის დამტკიცებას ვერ შევძლებ, ველოდებით ექსპერტიზას, მაგრამ დიდი ალბათობაა, რომ იყოს ინფარქტი”,- განაცხადა მაია კაჭკაჭიშვილმა. 

მომღერალ ვერიკო ტურაშვილის თქმით, მსახიობ  ზუზუ ბეჟაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონდა.

ბეჟაშვილის დედა, ციალა ბეჟაშვილი შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.

როგორც მან „იბერიას“ განუცხადა, მისთვის მომხდარის მიზეზი უცნობია. მანვე აღნიშნა, რომ არ იცის ვისთან იმყოფებოდა ზაზა ბეჟაშვილი დოლიძის ქუჩაზე.

„რომ მოვედი, მეგონა ეძინა. რაღაცაზე გავედი იქეთ და არ იყო. ეტყობა, ვიღაცამ დაურეკა, რა მოხდა ვერაფერს გეტყვით, არ ვიცი. ცოტა ადრე რომ ყოფილიყო, მიუსწრებდნენ, თურმე პულსი ჰქონია ჯერ. გვიანი იყო, ეტყობა ვიღაცა მოვიდა სახლში ლიფტში და. არ ვიცი, დოლიძეზე ვინ ცხოვრობს. შეიძლება გული გაუსკდა, ვერ გეტყვით ვერაფერს. რაღაც პრეპარატს იღებდა, სახელი აღარ მახსოვს, ნერვების გამო“,- აღნიშნა ციალა ბეჟაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, მომხდართან დაკავშირებით სხვა დამატებითი ინფორმაცია არ აქვს.

„როგორც ვიცი,  ჯანმრელობის პრობლემები არ ჰქონდა, ყოველდღიური კონტაქტი მქონდა და ბოლო დროს არაფერი განსაკუთრებული არც უთქვამს და არც გაუკეთებია, გუშინ გარდაცვალაებამდე ერთი საათით ადრე აქვს ჩემთვის მოწერილი“, - განაცხადა მომღერალმა.