გორში მიმდინარე აქციას სარალიძე და მაჩალიკაშვილი შეუერთდნენ - აქციაზე გორის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაზა სარალიძეს შეაგინა

გორის ცენტრში, ადმინისტრაციულ შენობასთან 18 წლის თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების საქმეზე, ობიექტური გამოძიების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

გარდაცვლილ თორნიკე მერებაშვილის მამას, მერაბ მერებაშვი ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი და გაზეთ „ქრონიკა +“-ის რედაქტორი, ელისო კილაძეც შეუერთდნენ.

ამასთან, ცოტა ხნის წინ სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. კერძოდ, აქციის მონაწილეებს გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძემ პოლიტიკურად მართულები უწოდა. აღნიშნულს, მასსა და სარალიძეს შორის კამათი მოჰყვა, რა დროსაც რაზმაძემ სარალიძეს შეაგინა. საკრებულოს თავმჯდომარეს სიტყვიერი შეურაცხყოფა თავად ზაზა სარალიძემაც მიაყენა.

ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

შეგახსენებთ, რომ 6 ივლისს, გორი-მეჯვრისხევის გზაზე, სოფელ ხელთუბნის მონაკვეთზე,  18 წლის თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.: „შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი 1999 წელს დაბადებული თ.მ.-ს გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით აწარმოებს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6 ივლისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზაზე მყოფ 1999 წელს დაბადებულ თ.მ.-ს შეეჯახა ამავე გზაზე მოძრავი „მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსი, რის შედეგადაც თ.მ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ხორციელდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, ამოღებულია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერი, გამოკითხული 137 პირი. თ.მ.-ს გარდაცვალების ზუსტი მიზეზების დასადგენად - კერძოდ, იყო თუ არა პიროვნების სიკვდილი გამოწვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების შეჯახებით თუ რაიმე სხვა გარემოებით - დანიშნულია ყველა შესაბამისი და კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზა“