სესიაშვილი: 310 მ² საცხოვრებელი სახლის აშენება 37 200 დოლარი დამიჯდა

"ქართული ოცნების" დეპუტატი და თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ "რუსთავი 2"-ის ეთერში გასულ რეპორტაჟში, ჟურნალისტმა მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ დეპუტატს სახლები 2012 წლის შემდეგ აქვს აშენებული. 

როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, სიუჟეტში ფაქტები მიზანმიმართულადაა დამახინჯებული. მან ჟურნალისტი ეკო მაღრაძე, რომელმაც სიუჟეტი მოამზადა ეთიკის დარღვევაში დაადანაშაულა. 

სესიაშვილის განმარტებით, სახლის მშენებლობის პროცესი ჯერ არ დასრულებულა. მისი თქმით, სამშენებლო მასალების ნაწილი 2012 წლამდე იყიდა და გარკვეული სამუშაოებიც მანამდე ჩატარდა. 

"რუსთავი 2-მა არ აჩვენა ჩემი დეკლარაცია, სადაც მითითებული მქონდა, რომ მე გაყიდული მქონდა ჩემი კუთვნილი ბინა 50 000 დოლარად", - ამბობს სესიაშვილი.

მისი თქმით, მან სახლის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო. გამოიტანა კრედიტი, ნაწილი გაყიდული ბინიდან აიღო. ნაწილი ისესხა ძმისგან. ნაწილი კი თავად გამოიმუშავა, რადგან სტაბილური ხელფასი აქვს. 

"ჩვეულებრივი ბრიზგით არის გაკეთებული. 50 თეთრიანი აგურის ზოლი აქვს ჩემს სახლს. ყველაზე იაფიანი სამშენებლო მასალით არის აშენებული", - განაცხადა დეპუტატმა.

ირაკლი სესიაშვილის თქმით, 1000 კვ მეტრ მიწის ფართობზე 310 კვ საცხოვრებელი სახლის აშენება, 37 200 დოლარი დაუჯდა. 

"მე არ ვარ ის კაცი, რომ უკანონო შემოსავლებით ცხოვრება მოვიწყო"- აღნიშნა მან.

ცნობისთვის, „შაბათის კურიერში“ გავიდა რეპორტაჟი, სადაც ნაჩვენები იყო დეპუტატის სამ სართულიანი სახლი, აუზითა და ტერასით.